ხუდონჰესი

კალაძე: შესაძლოა, ხუდონჰესი სახელმწიფომ ააშენოს, ამაზე მსჯელობა მიდის

ხუდონჰესი შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. ვიცეპრემიერის განმარტებით, ამ ეტაზე მოლაპარაკებები ინდურ კომპანია ტრანს-ელექტრიკასთან მიმდინარეობს. კალაძის თქმით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას მოსთხოვა ინფორმაცია მისი დამფუძნებლების შესახებ, თუმცა არის საუბარი იმაზეც, რომ პროექტი მთლიანად სახელმწიფომ განახორციელოს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ კომპანიასთან. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში და მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ყველაფერი იყოს გახსნილი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, სტრატეგიულობიდან გამომდინარე, რაც არის ძლიან მნიშვნელოვანი და მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს  მსჯელობა", - განაცხადა კახა კალაძემ გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრაზე. 

კალაძის ნათქვამს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობაში. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესის აშენება წარმოუდგენელია. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ხუდონჰესის აშენებას სჭირდება ორი მილიარდ 300 მილიონი ლარი, რისი საშუალებაც სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს და მან არ იცის წყარო, საიდანაც ამ მთავრობას შეუძლია ამხელა ფული ბიუჯეტში გააჩინოს.

"თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები