გერმანია-საქართველოს ურთიერთობა

შტაინმაიერი: აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და არჩევანს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, "გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი კარგი".  როგორც მან ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "აქტიურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და არჩევანს". მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროპულ კურსს.

"საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ პოლიტიკურ კურსს, რაც არ არის მარტივი საქართველოსთვის და მთელი ევროპისთვის. თქვენ ახსენეთ ე.წ შეთანხმება მოსკოვსა და აფხაზეთს შორის, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და არანაირი ფორმით არ ვაღიარებთ ამ შეთანხმებას. დაწვრილებით ვსაუბრობდით უკრაინის კონფლიქტზე. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კონფლიქტის მიმართ უდიდესი ინტერესია საქართველოში. ჩვენ,  გერმანიის ფედერალური მთავრობა, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კონფლიქტის დარეგულირებაში, რათა არ გავიდეს მის ფარგლებს გარეთ. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის დალაგებას. მე რაც მქონდა მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვში, ვენასა და ბაზელში, ოდნავი დამშვიდების საფუძველი არსებობს. იქნებ შემდეგ მოვახერხოთ შედეგობრივად თანამშრომლობის გაგრძელება, ავამოქმედოთ რესურსები, ავამოქმედოთ სადემარკაციო ხაზი, სადაც უკან დაიხევს მძიმე ტექნიკა, მებრძოლები. უნდა მოვახერხოთ ამის გაკეთება, ალბათ შეიქმნება ბუფერული ზონა" - განაცხადა შტაინმაიერმა და აღნიშნა, რომ  "თუ ამას მოვახერხებთ, ეს არ იქნება დასასრული, არ იქნება კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარება, ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული არქიტეტურის თვალსაზრისით, რომ ის არ დაიშალოს, არ განადგურდეს და მოხდეს უახლოეს პერიოდში მისი განახლება".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას თამარ ბერუჩაშვილს. იგეგმება შტაინმაიერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

კომენტარები