ზურაბ ჟვანია

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე, ქალიშვილი ანა ჟვანია, დედა რემა ჟვანია და ძმა გოგლა ჟვანია იმყოფებოდნენ.

"თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზურას წვლილი მართლაც ძალზე დიდია, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზურა ავითარებდა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მედიას, სამოქალაქო სექტორს. ბუნებრივია, გარდა იმ ტკივილისა, რომელიც ზურას ჩვენგან წასვლით არის გამოწვეული, მის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობით ვართ გამსჭვალული იმისთვის, რაც მან სამშობლოს გაუკეთა. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ზურას ოჯახსაც, რადგან თითოეული წევრი - ქალბატონი რემა, ნინო, გოგლაც იყვნენ ჩაბმული იმაში, რითიც ცხოვრობდა ზურა და რითაც ქმნიდა ახალ საქართველოს. მინდა, მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება", - თქვა პრეზიდენტმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დიდუბის პანთეონში პატივი მიაგო ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. ჟვანიას დღეს 51 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები