პოლიტიკური დევნა

ეუთოს სპეც. წარმომადგენელი - უსუფაშვილს: გამოძიებებს პოლიტიკური ხასიათი აქვს

ჟოაო სოარესი
wikipedia.org
ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო სოარესმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილის წერილით მიმართა.
 

"მე ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მომდის ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით არამართლზომიერი გამოყენების შესახებ. არაერთი საერთაშორისო აქტორი, მათ შორის OSCE/ODHIR-ი და ეუთოს წევრი არაერთი რამდენიმე ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო პროცესების სამართლიანობის თაობაზე და აგრეთვე იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი ან უკვე ციხეშია (ძირითადად წინასწარ პატიმრობაში), ან ბრალდების/გამოძიების ქვეშაა" - წერს სოარესი.

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარეს აფრთხილებს, რომ ეს პროცესები ქართული დემოკრატიის მიერ მიღწეულ წარმატებებს აყენებს ჩრდილს.

"ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი, სამაგალითო შემთხვევა ქართული დემოკრატიის განვითარების ილუსტრაციაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე წავიდეს წინ და არა უკან" - ნათქვამია წერილში.

პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატი განსაკუთრებული შეშფოთებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას, წინასწარი პატიმრობის დაუსწრებლად მისჯას და პრეზიდენტის ოჯახის წევრთა იმ ქონების დაყადაღებას მიიჩნევს, რომელსაც გამოძიებას საგანთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სპეციალური წარმომადგენელი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესში სააკაშვილის პოზიტიურ როლზეც საუბრობს.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ამ და სხვა გამოძიებების პოლიტიკური ბუნება საფუძველს აცლის თქვენი ხელისუფლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კანონის უზენაესობა დაცულია." - წერს სოარესი.

წერილის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსნებს, რომ სტაბილურობასა და ქართული დემოკრატიის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სოარესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ეუთოს სტანდარტებს და და ოპოზიციასთან ერთად იზრუნოს ქვეყნის მომავალზე.

კომენტარები