ეუთოს დასკვნა

წულუკიანი: მაღალჩინოსნების ადვოკატები სასწრაფოდ არიან გამოსაცვლელები

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში მაღალჩინოსანთა ადვოკატებზე, მათ შორის - ადეიშვილის ადვოკატზე, ნათქვამია, რომ მათი კომპეტენცია სტანდარტისგან შორს არის.

"დღეს ვისმენდი ადვოკატების, ადეიშვილის ყოფილი მოადგილეებისა და მისთანების განცხადებებს, არ ვიცი, ჩავიდნენ თუ არა 94-ე-95-ე და ა.შ. გვერდებამდე, მაგრამ მათზე წერია იქ, რომ მათი კომპეტენცია და კანონის ცოდნა ძალიან შორს არის იმისგან, რაც არის სტანდარტი და რაც არის საჭირო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყვნენ დაცულები. ამიტომ ოჯახები ხომ ჰყავთ ამ ადამიანებს და ეს ადვოკატები გამოსაცვლელები არიან სასწრაფოდ, იმიტომ რომ ყველა განსასჯელს, რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, სჭირდება კარგი ადვოკატი, კომპეტენტური და როცა ეუთო-ს ექსპერტი წერს, რომ მათი კვალიფიკაცია შორს არის იმისგან, რომ მათ შეძლონ ამ ადამიანების ეფექტიანი დაცვა, ეს რა თქმა უნდა, არის სავალალო", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები წინა ხელისუფლების დროს მასობრივად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადვოკატებად მოგვევლინენ. იუსტიციის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ალბათ, "ადვოკატთა ასოციაციაში წევრად მიღების პროცედურები რაღაცნაირად უნდა გამკაცრდეს ეს აქ არ წერია, მაგრამ სამომავლოდ, ჩემი აზრით, ესეც საფიქრალი იქნებოდა", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეუთო-მ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები