საკადრო ცვლილებები

ხუხაშვილი: შმაგი კობახიძე კარგი ადამიანია, არ მგონია, მას უნდოდეს პრემიერობა

ტაბულა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას არ სმენია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოტენციურ შემცვლელებად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი შმაგი კობახიძე მოიაზრებიან. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ ბახტაძეს და კობახიძეს იცნობს და მათზე ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს.

"საერთოდ არცერთზე არ მსმენია, თქვენგან მესმის პირველად. შმაგისაც ვიცნობ, შმაგი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ არ მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად უნდა განვიხილავდეთ. არ მგონია, რომ ან მას უნდოდეს ეს ან ვინმე განიხილავდეს ამ თემას", - მიმართა თეორემის წამყვანს ხუხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა უწყებაში ის რამდენიმე თანამდებობის პირი გადადგა, ვინც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებიან. მათ შორის: ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, გურიის გუბერნატორი და ა.შ. ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში პოსტის დატოვება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწიოს.

კომენტარები