ბიუჯეტი 2015

ხადური: მოიკითხეთ ის ნაცები, ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ნაცების ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

ხადურის თქმით, ის პრიორიტეტები, რაც თავის დროზე იყო აღებული ქართული ოცნების მიერ, აბსოლუტურად ასახულია ბიუჯეტის პროექტში.

"ეს არის ზრუნვა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ეს არის საპენსიო უზრუნველყოფა. მილიარდი ლარი, რაც დღეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, ეს არის დაახლოებით 300 მილიონი ლარი, რომელიც სოფლის მეურნეობაზე დაიხარჯება. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში.

ამიტომ ნაციონალური მოძრაობა თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ეკონომიკა უნდა ჩავკეტოთ და არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა არცერთ ჩვენ მეზობელთან და ჩაკეტილი ეკონომიკა განვითარდება, აბსოლუტურად ცდებიან. მთავარი არ არის აქციზისთვის ფისკალური ფუნქცია, მათ შორის არის მარეგულირებელი ფუნქცია. ამიტომ ჩვენ აქციზს გამოვიყენებთ არა მხოლოდ როგორც ფისკალურ ინსტრუმენტს, არამედ როგორც მარეგულირებელს", - განაცხადა ხადურმა.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. დეპუტატებს მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია, გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

კომენტარები