დღეს და ხვალ მოზარდ მაყურებელთა თეატრში შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა, რომელიც ძალადობის თემას ეძღვნება. მსახიობები ძალადობის ამსახველ სცენებში ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო. მასთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი და რეჟისორი გოგა ქაჩიბაია. აღნიშნული ინიციატივით მოზარდ მაყურებელთა თეატრი გამოეხმაურა თემას, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია და ჩაერთო კამპანიაში „არა ძალადობას!“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
ფოტოგამოფენასა და აქციაში, სახელწოდებით „გამოდი, ძალა არა ძალადობაშია!“, მოზარდ მაყურებელთა თეატრის 26 სხვადასხვა ასაკის მსახიობი მონაწილეობდა. ფოტოებზე სცენიდან თუ ტელეეკრანიდან ნაცნობ სახეებს ნახავს. მათ შორის განსხვავება ძირითადად ამპლუაშია - ზოგი მოძალადეს განასახიერებს, ზოგიც ჩაგრულს, თორემ გამომსახველობით თითოეულის ნამუშევარი შთამბეჭდავია.
გოგა ქაჩიბაიას დადგმული და ირაკლი გედენიძის გადაღებული სცენები ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა მაგალითებს ასახავს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია მამაკაცის, როგორც მოძალადის როლი და დომინირება ქალსა თუ ოჯახის დანარჩენ წევრებზე. შავ-თეთრ ფოტოებში კარგად ჩანს აგრესია, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვებრძვით და შიში, რომელსაც საზოგადოების ტრავმირებული ნაწილი ხშირად დამოუკიდებლად ვეღარ ერევა.
დღეს, 19:00 საათზე, გამოფენის დათვალიერების პარალელურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს სპექტაკლი „რეკვიემი“, რომელიც რეჟისორმა ლილი ბურბუთაშვილმა თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძის პიესის მიხედვით განახორციელა. ავტორმა ნაწარმოები მიუძღვნა ხელოვანებს, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს და თეატრს შესწირეს. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მისი შემოქმედების თანამოაზრეთა გუნდი რუსთაველის თეატრიდან, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში „ფაშისტურ ჯგუფად“ მონათლეს და დაუმსახურებლად გაასამართლეს. სწორედ ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლთა თავგანწირვაზეა ვასილ კიკნაძის ნაშრომი „წამებული რაინდები“, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენას დაედო საფუძვლად. „რეკვიემის“ ნახვა 12 წლის და მეტის მაყურებელს შეუძლია.