ეუთო-ს დასკვნა

წულუკიანი: კუბლაშვილის სასამართლოს აქვს სისტემური პრობლემები

0 კომენტარი
თეა წულუკიანი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სტუმრობისას, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში პროკურატურის მიმართ მხოლოდ 4 რეკომენდაციაა გაცემული, ხოლო სასამართლოს მიმართ 40-მდე. მისი თქმით, ეუთოს დასკვნა "კუბლაშვილის სასამართლოს" სისტემურ პრობლემებს ეხება. 

"რა თქმა უნდა ვიზიარებ იმას, რომ ნაციონალების მიერ დატოვებულ კუბლაშვილის სასამართლოს აქვს სისტემური პრობლემები. მე შეგახსენებთ, რომ ეუთოს ODIHR ჩვენმა ხელისუფლებამ მოიწვია კუბლაშვილის სასამართლოზე დაკვირვების მიზნით, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ჩემი წინამორბედი ხელს უშლიდა. მაგრამ ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით, ჩვენ გვინდა იცოდეს ყველამ, თუ როგორ არ ხორციელდება სასამართლო სისტემის შიგნით იმ კანონების გამოყენება, რომელიც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში მივიღეთ, იმისთვის რომ საკანონმდებლო რეფორმა სასამართლოსი იყოს წარმატებული.

დიახ, არის რეკომენდაცია პროკურატურაზე, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვი, რომ პროკურატურას აძლევენ 4 რეკომენდაციას, ხოლო კუბლაშვილის სასამართლოს 40-მდე რეკომენდაციას. ეს ის სასამართლოა, რომელიც ნაციონალებმა დატოვეს, ეს ის კუბლაშვილია, რომელიც რეფორმას ეწინააღმდეგება 2 წელია. სამწუხაროა რომ ის რეალურად სასამართლოს ბოლომდე დამანგრევლის რეპუტაციით მიდის თავისი პოზიციიდან მომავალი წლის თებერვალში" - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება.

როგორც 116 გვერდიანი დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გასამართლების ტალღამ წარმოშვა შეშფოთება, რომ ამ პირთა პროცესები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო. ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ეს პროცესები კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით უნდა წარემართა. ამ მიზნით ეუთომ ყოფილ თანამდებობს პირთა 14 საქმის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად მისიამ არაერთი დარღვევა აღმოაჩნია სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოების ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, დაცვის უფლება, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება და ა. შ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესებზე სისტემატურად ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობდნენ ხელს აცხადებდნენ რა დამნაშავეებად ბრალდებულებს, მანამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება წინასწარი პატიმრობის რუტინული პრაქტიკა. პროცესის დროს ბრალდებულებს ათავსებდნენ შუშის ჯიხურში, რაც ზღუდავდა მათ უფლებას კომუნიკაცია ჰქონოდათ ადვოკატთან. ასევე ლახავდა მათ ღირსებას.

გარდა ამისა, სისტემატურად ჭიანურდებოდა პროცესები, რაც პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ბრალდებულები ასევე ვერ სარგებლობდნენ სათანადო დაცვის უფლებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები