ბავშვთა უფლებების დარღვევა

EMC: მატათას პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევები იკვეთება

0 კომენტარი

წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის სერიოზული შემთხვევები იკვეთება. ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პანსიონის მოსწავლეებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე ავრცელებს.

“პანსიონში ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის რეალური შეფასება სათანადო მეთოდოლოგიით, კომპლექსური და მასშტაბური მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს. თუმცა, EMC-ის მიერ გამოკითხული მოსწავლეები საკუთარ თანმხვედრ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, სხვადასხვა პერიოდში, მათი და სხვა ბავშვების ცემის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, შევიწროებისა და დასჯის სასტიკ ფორმებზე, რომელსაც აღმზრდელები ხშირად იყენებენ,” - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

EMC-მ ვითარების შესწავლა 8 დეკემბერს, ნეტგაზეთის მიერ პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო. პანსიონის მოსწავლე შ.ე. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მის მიმართ აღმზრდელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე ყვებოდა. 

განცხადებაში EMC მოუწოდებს სახელმწიფოს დროულად შეიმუშაოს რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები.

წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში 160-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს და იღებს განათლებას. პანსიონის ფუნქციონირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის პირდაპირ ტრანსფერის სახით გადაცემული სახსრები ხმარდება.

EMC-ს ინფორმაციით, პანსიონში ბენეფიციარების მიღება რელიგიური ნიშნით ხდება. მოსწავლეები პანსიონში სამოქალაქო განათლებასთან ერთად, რელიგიურ განათლებას იღებენ და რეგულარულად მონაწილეობენ რელიგიურ რიტუალებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები