საყდრისი-ყაჩაღიანი

საყდრისის საბადოსთან ერთდროულად ორი აქცია გაიმართა

საყდრისის საბადოსთან აქციები გრძელდება. დღეს იქ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დროებით შეწყდეს სამუშაოები და არქეოლოგებმა არსებული მდგომარეობის შესწავლა შეძლონ. კომპანია RMG-ის დაცვამ არც არქეოლოგები და არც აქციის სხვა მონაწილეები დღეს საბადოს ტერიტორიაზე არ შეუშვა.

პარალელურად საყდრისში კონტრაქცია გამართეს კომპანია RMG-ის მიერ დასაქმებულმა ადამანებმა. ისინი სამუშოების განახლებას ემხრობიან და აცხადებენ, რომ მათთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ადგილი.

საყდრისამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია თბილისში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გამართეს. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება და ისინი ყველა საშუალებას გამოიყენებენ, ვანდალიზმის აღსაკვეთად. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხვალ კულტურის სამინისტროსთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

როგორც ტაბულას კომპანია RMG-ში განუცხადეს, ისინი სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ, რადგან სამუშაოებს კანონის სრული დაცვით აწარმოებენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება შეწყვიტონ სამუშაოები, თუ ამას კანონმდებლობა არ დაავალდებულებს.

გარდა ამისა, საყდრისში სამუშაოების განახლების შესახებ სამართლებრივი განმარტება გააკეთა კომპანია RMG-ის იურისტმა არჩილ კბილაშვილმა. მისი თქმით, ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იყო შესწავლილი, სხვა ნაწილის შესწავლა კი შეუძლებელი და ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან შეუთავსებელი იყო. კბილაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ობიექტს ძეგლის სტატუსი უფლებამოსილმა ორგანომ მოუხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ ის ნებართვა, რომლის საფუძველზეც კომპანია „არემჯი გოლდმა" სამუშაოები განაახლა, კანონიერი იყო.

საყდრისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. ნაციონალური მძრაობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ივანიშვილის მაფიოზური კლანის მომსახურე ნოტარიუსად გადაიქცა. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი წუხილს გამოთქვამს და „სასაცილოს" უწოდებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოების ნებისმიერი უკმაყოფილებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ.

კომპანია RMG-იმ საყდრისში სამუშაოები გუშინ გაანაახლა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. საყდრისის დამცველები აცხადებენ, რომ პირველი აფეთქება გუშინ დილით, 9-ის ნახევარზე იყო, შემდეგი კი დაახლოებით 11 საათზე. აფეთქება კომპანიაში გუშინ არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ადგილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ტარდება.

საყდრისის ოქროსმომპოვებელი მაღარო ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. მეცნიერების თანახმად, 50 მეტრის სიღრმის მაღარო ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული და 5400 წლისაა. აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, 2013 წელს კი კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ბრძანებით, სტატუსი მოეხსნა. საყდრისის თემას შეეწირა მარინე მიზანდარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაც.

კომენტარები