ენგურჰესი

კერესელიძე: ენგურჰესზე ხაჯიმბას განცხადება პროვოკაციული და პოპულისტურია

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას ენგურჰესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება "პოპულისტური და პროვოკაციულია". როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კერესელიძემ აღნიშნა, ის ამ დარგის სპეციალისტი არ არის, მაგრამ ამაზე განმარტებები გაკეთდა.

"ჯერ ერთი, ტექნიკურადაც შეუძლებელია ისე მოხდეს, როგორც ხაჯიმბა აცხადებს. მეორე და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიუხედავად 20 წელზე მეტი არსებული კონფლიქტისა, ამ ენერგოთანამშრომლობის სფეროში რა სტატუსკვოც არის და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი, ეს თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო და იმის მაგალითი, რაც იწვევს ნდობას", - განაცხადა დავით კერესელიძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს არაფერი ემუქრება.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენგურჰესი აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ამის შესახებ კომენტარი რაულ ხაჯიმბამ ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და საჭიროა ენგურჰესის სტატუსის ერთხელ და საბოლოოდ განსაზღვრა.

"დღემდე არ ვიცით, რეალურად თუ ვიღებთ იმ 40%-ს, რომელიც თავის დროზე 60-40%-ზე გადანაწილებით გვეკუთვნის. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობით. პრეზიდენტმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ დოკუმენტების შესამუშავებლად, რომლებიც ენგურჰესის საკუთრების საკითხს გადაწყვეტენ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და სწრაფად ვერ გადაწყდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს", - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის ნაწილი, კერძოდ კი ელექტროსადგურები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს. დე ფაქტო აფხაზეთისათვის ეს ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. სწორედ აქედან იღებს საქართველოც ელექტროენერგიის უმეტეს წილს. ამიტომ, როგორც საქართველო, ისევე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დაინტერესებული არიან, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება განაგრძოს.

კომენტარები