დანაშაულის სტატისტიკა

შსს-ს სტატისტიკა: გაზრდილია დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის ნოემბრის თვეში დანაშაული წინა წელთან შედარებით, 15.1%-ით შემცირდა. შსს-ს ცნობით, გასული წლის ნოემბერში ჯამში 2629 დანაშაული დაფიქსირდა, წელს კი - 2232. სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 37.72%-ით (43 შემთხვევა) შემცირდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 10.56%-ით (30 შემთხვევა) - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ხოლო 11.83%-ით (119 შემთხვევა) - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვითვე, 250%-ით (5 შემთხვევა) გაზრდილია დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ. კერძოდ, გასული წლის ნოემბერში აღნიშნული დანაშაულის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი - შვიდი. ასევე, 100%-ით (1 შემთხვევა) გაზრდილია დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ. 124.8%-ით (156 შემთხვევა) არის გაზრდილი დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ, ხოლო 8.4%-ით გაიზარდა დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ.

კომენტარები