საქართველო-თურქმენეთი

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. თურქმენეთის პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა. ოგუზხანის საპრეზიდენტო სასახლის დარბაზში სახელმწიფოთა ჰიმნების შესრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე, საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ.

"გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამოდოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, იგეგმება ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც, რომელიც ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს ითვალისწინებს. ქართული მხარის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის განზრახვას ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს მზარდ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული - ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა. ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ აუცილებლად ესტუმრება საქართველოს. 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმს მოინახულებს, რის შემდეგაც თურქმენეთის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა.

პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები