საყდრისი-ყაჩაღიანი

ომბუდსმენი სამინისტროს მოუწოდებს, საყდრისის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შექმნას

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს, საყდრის-ყაჩაღიანის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შექმნას და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა.

"სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ RMG Gold-ის მიერ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევას და ასევე, RMG Gold-ის მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გარეშე მოწყობილი იყო გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანი, რის გამოც RMG Gold სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი.

ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს RMG Gold-ის მიერ კვლავ განახლდა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.

საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შექმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა.

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დასკვნას მოცემულ საკითხზე უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები