პრეზიდენტის ვიზიტი თურქმენეთში

საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და გურბანგული ბერდიმუხამედოვამ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მარგველაშვილის თქმით, "შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ერთმანეთთან აკავშირებს შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს. ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაღრმავებისა და განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრისას, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.

ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობას შემდგომი გავრცობისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ თვალსაზრისით ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება იმ დოკუმენტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ტრანსპორტის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში. ბატონ პრეზიდენტს ასევე გავუზიარე ჩვენი შეშფოთება, რომელსაც იწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დავადასტურეთ ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ", არამედ მისი თანაავტორიც იყო. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს შესანიშნავი მასპინძლობისა და ნაყოფიერი ვიზიტისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მომავალი თანამშრომლობის წარმატებით განვითარებას და, ბუნებრივია, მოუთმენლად ველით ბატონ პრეზიდენტს თბილისში, საქართველოში".

თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას აშხაბადში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებში წარმატებულად მიმდინარეობს, ურთიერთობები მნიშვნელოვნად და სწრაფად ვითარდება და ეს ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას. კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ბატონ პრეზიდენტთან ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნები მხარს დაუჭერენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამ ვიზიტით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში. სატრანსპორტო და ეკონომიკურ სფეროებში ხელშეკრულების გაფორმებით, ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მსოფლიოში არის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი - ეს რეალური საფრთხეა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც გაღრმავდება. დარწმუნებული ვარ, რომ არის დიდი რესურსი, ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა წარმატებულად შედგეს. კასპიის ზღვის აუზის გამოყენება აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. აუცილებელია, კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ საქართველოში გაიმართება თურქმენეთის კულტურის დღეები, ხოლო თურქმენეთში - საქართველოსი.

ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში. ბათუმში ახლახან გაიხსნა აკადემია და კარგი იქნება ურთიერთობის განვითარება ამ მიმართულებითაც. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა მოგახსენოთ თურქმენეთში ჩამობრძანებისთვის",-თქვა გურბანგული ბერდიმუხამედოვამ.

კომენტარები