მოხის მეჩეთი

ომბუდსმენი მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლობას ითხოვს

news.ge

სახალხო დამცველის განცხადებით, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა დიდი საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და ამ საკითხის შესწავლა თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ტოლერანტობის დაცვის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, ომბუდსმენი კონსტიტუციური მანდატით გათვალისიწნებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში.

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის წერილით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს სოფელ მოხეში მდებარე შენობის საკითხის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. წერილის მიხედვით, კომისიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები არიან, ხოლო კომისიას, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობაში ომბუდსმენის დამკვირვებლის სტატუსით ჩაბმა გაზრდის კომისიისადმი საზოგადოებრივ ნდობას", - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას.

დაპირისპირება მოხეში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამწვავდა, როცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი მეჩეთის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მუსლიმთა პროტესტი და 14 მათგანის დაკავება მოჰყვა. მოგვიანებით მათი უმრავლესობა სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმით, დანარჩენები კი - ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ სადავოდ მოხსენებული ნაგებობის არქიტექტურაზე ცხადად ჩანს მეჩეთისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად - მიჰრაბი.

კომენტარები