პატიმრების წამება

ადამიანის უფლებათა ცენტრი #8 ციხეში პატიმრების სავარაუდო წამებაზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა ცენტრი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციის ცნობით, მსჯავრდებული თამაზ რასოიანი აცხადებს, რომ მასთან ერთად სხვა მსჯავრდებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც თავად რასოიანმა მიიღო დაზიანება თვალების არეში, მას ასევე ჰქონდა სისხლჩაქცევები ზურგსა ფეხებზე. თამაზ რასოიანი ასევე აცხადებს, რომ მას გინებით აიძულეს, შიშველს გაეკეთებინა ბუქნები. არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას, მოახდინონ რეაგირება პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

"რამდენიმე დღის წინ მსჯავრდებულმა თამაზ რასოიანმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი წლების განმავლობაში იცავს, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 3 დეკემბერს, ღამის 00:00 საათზე, გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების კამერაში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული თამაზ რასოიანი, შევიდა ადმინისტრაციის დაახლოებით 20 თანამშრომელი. მათ კამერაში მყოფი მსჯავრდებულები ჩაიყვანეს კარანტინში, სადაც განუცხადეს, რომ აქედან უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

მსჯავრდებულებმა აღნიშნული მოთხოვნა გააპროტესტეს და მოითხოვეს, აეხსნათ საქმის ვითარება, ასევე მოითხოვეს მათთან შესულიყო ადვოკატი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. ამის შემდეგ, როგორც თამაზ რასოიანი აცხადებს, მსჯავრდებულებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, რის შედეგადაც თამაზ რასოიანმა მიიღო დაზიანება თვალების არეში. მას ასევე ჰქონდა სისხლჩაქცევები ზურგისა და ფეხის არეში. თამაზ რასოიანი ასევე აცხადებს, რომ მას გინებით აიძულეს, შიშველს გაეკეთებინა ბუქნები.

4 დეკემბერს მსჯავრდებულები გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გარეგნული დათვალიერებისა და შარდის ანალიზის შემოწმების შედაგად შვიდივე მსჯავრდებულს არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოწმედების კვალი. მათ ასევე აუღეს სისხლის ანალიზი, მაგრამ პასუხი დღემდე არ უცნობებიათ. მსჯავრდებულები სამი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, ითხოვდნენ ადვოკატებთან და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრას, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი განუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ თამაზ რასოიანი გასულ წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. იგი აღიარებულია დაზარალებულად და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა დამატებით უარყოფითი შედეგების მომტანია მისი ჯანმრთელობისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ რეაგირება პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, სადაც საუბარია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. უზრუნველყოფილი იქნას თამაზ რასოიანისა და სხვა მსჯავრდებულების კანონიერი უფლებების დაცვა",- წერია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები