საყდრისი

კბილაშვილი: საყდრისთან დაკავშირებით, კომპრომისი უნდა მოიძებნოს

Archil Kbilashvili
Tabula

კომპანია RMG Gold-ის ინტერესების დამცველის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საყდრისი რომ არქეოლოგიური ობიექტია, ამას არავინ არ უარყოფს. როგორც კბილაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, არქეოლოგიური ობიექტის მიმართ მიტანილი იერიში კომპანიისთვის მტკივნეულია, თუმცა, ამის საპირწონედ სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები დგას. კბილაშვილი აღნიშნავს, რომ უნდა მოიძებნოს კომპრომისი და საყდრისიდან გამოტანილი არტეფაქტებით შეიქმნას მუზეუმი. მისივე თქმით, RMG-ს საყდრისში უკვე გაკეთებული აქვს 3D აზომვები და ფოტოფიქსაცია.

ამასთან, არჩილ კბილაშვილის თქმით, ის ერთმანეთს ვერ შეადარებს საყდრისს და სხვა არქეოლოგიურ ობიექტებს, მაგალითად, ვარძიას გელათს. ადვოკატის განცხადებით, საყდრისის ღირებულება მხოლოდ ოქროს მოპოვებაა, ხოლო ვარძიას და გელათს ისტორიული და რელიგიური ღირებულება აქვს.

"ახალი მენეჯმენტის პოლიტიკა სწორედ ის იყო, რომ თქვა - ეს ორმო კი არ არის, ეს არის არქეოლოგიური ობიქეტი. ჩვენ ამას ვაღიარებთ და ვცნობთ. არქეოლოგიური ობიექტის მიმართ მიტანილი იერიში ჩვენთვის მტკივნეულია, ეს არ არის - "ვაშა, რა კარგია". მაგრამ ამის საპირწონედ მოდის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები, ორივე ჯანმრთელი, ურთიერთკოლიზიაში მყოფი ინტერესი. როდესაც ჩვენ კანონის გადასახედიდან ვხედავთ გელათს, ბაგრატს და საყდრისს და ნებისმიერ იმ ობიექტს, რომელსაც ადამიანის კვალი აქვს და ასი წელი გასულია, თანაბრად დაცული ობიექტებია, მაგრამ როცა ღირებულებით ასპექტში ვიხილავთ კონფლიქტს, მე გელათს და ვარძიას ვერ შევადარებ საყდრისს, იმიტომ, რომ მაგალითად, რა არის ვარძია? - თავდაცვის ციტადელი საქართველოს ისტორიაში. გელათი და ბაგრატი -  აკადემია, სულიერება და რელიგია. საყდრისი? ეს არის ოქროსკენ მიმართული ძიება. ადამიანი ყოველთვის ეძებს ოქროს და გამდიდრებას, იქ არც მარტვილები გვყავს და არც მოწამენი, არ ვაკნინებ, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, მაგრამ როცა ღირებულებითი კონფლიქტია, სოციალურ-ეკონომიკურ და ოქროს მაძიებლობის გამო კულტურულ მემკვიდრეობას შორის, ჩვენი წინაპარი ისეთივე მოწადინებული და ვნებებით სავსე იყო, როგორც თანამედროვე საზოგადოებაა. იმის გამო, რომ ას წელზე მეტი ხნის წინ ადამიანი ოქროს ეძებდა, ამ თაობას ეს უფლება გაუუქმდა? ზუსტად აქ არის საერთაშორისო პრაქტიკა და მაგალითი, რა მოხდა ბულგარეთში? ადატეპეს ცნობილი ოქროს მაღარო, ქრისტეშობამდე 1700 წლის წინანდელი, რომელიც იყო ასევე ვნებათაღელვის საგანი, მაგრამ მოინახა კომპრომისი. რა? 3D აზომვა, ფოტოფიქსაცია, არტეფაქტების გამოტანა, მუზეუმის გაკეთება და შემდეგ სამთამადნო მიზნებისთვის გადაცემა. ზუსტად ეს გვირჩიეს გერმანელმა და ბულგარელმა ექსპერტებმა თავის დასკვნაში, რომ ჩვენ გთავაზობთ კომრომისულ ვარიანტს - დაიწყოთ სამთამადნო მუშაობა, რაც გამოიტანეთ, გამოიტანეთ, თუ კიდევ შეგხვდებათ რამე - გამოიტანოთ, ამაზე მოეწერა ხელი მემორანდუმს კომპანიასა და სააგენტოს შორის. ეს ვალდებულებაა აღებული და პლუს, მუზეუმი უნდა შეიქმნას. 3D-ც გაკეთებულია ამასთან დაკავშირებით და ფოტოფიქსაციაც. იმის გაკეთება და მიღწევა გვინდა, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც იყო, იყოს უკეთესად დაცული" - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარები