საყდრისი

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

0 კომენტარი
მალხაზ სონღულაშვილი ფოტო: ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ყველაფერი, რაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუქმნია - თუ იუდეური, თუ ქრისტიანული, თუ მუსლიმური თეოლოგიური პერსპექტივიდან - არის ღმერთადამიანური შემოქმედების ნაყოფი და, შესაბამისად, იგი დიდ მოწიწებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.
ვიდრე მე თეოლგიური და ბიბლიური კვლევების სამყაროში აღმოვჩნდებოდი, მანამდე არქეოლოგი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.

საყდრისის საკითხის მოგვარების საქმეში, იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც წესით საყდრისის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ სულ ცოტა იმის გამო მაინც, რომ ამაში ჯამაგირებს იღებენ - სწორედ ისინი გახდნენ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის განადგურების მომხრეები!!!

ჩვენდა სავალალოდ, საყდრისის ამბავი მართლაც რომ უსაზღვრო განუკითხაობისა და თავგასულობის ნიმუშს წარმოადგენს იმ უწყების მიერ, რომელიც წესით ძეგთა დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ იმ ადამიანების კეთილშობილებით და გაბედულობით, ვინც წინ აღუდგა საყრდრისის განადგურებას. მე მართლა აღტაცებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც თავიანთ დროს, ენერგიას და მოწადინებას არ ზოგავს, რომ ბარბაროსობა შეაკავოს ჩვენს ქვეანაში.

ბარბაროსობას, სიავესა და სიბნელეს ყოველთვის ერთი სათავე აქვს და ერთი წყარო კვებავს - გაუნათლებლობა და სიბრიყვე. საყდრისი მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერაც დაფარულია და უცნობი ჩვენი საზოგადოებისათვის. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ერისა და ბერის უმეცრების გამო ყოველწლიურად ზიანდება არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. აქ მარტო იმ ძეგლებზე კი არ არის ლაპარაკი, რომელიც სადღაც მიყრუებულ სოფლებშია, არამედ ძეგლებზე, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ანდა ქართული ხელოვნების უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

რაკი ის უწყება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაფრთხილება ავალია, ამას ვერ ახერხებს, მაშინ იმ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა, ვისაც ესმის რამდენად საშიშ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც მიიტანონ გულთან ახლოს ის, რაც ჩვენი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების თავს ხდება, ვიდრე ტოტალურმა უმეცრებამ და სიბნელემ თავზე არ დაგვამხო ყველაფერი, რითაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუძლია იამაყოს.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები