საყდრისი

მოძრაობა დაბრუნება: ხელისუფლება საყდრისივით აგვიფეთქებს სახელმწიფოებრიობას

news.ge

მოძრაობა დაბრუნება საყდრისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "უკიდურესად შეძრულნი ვართ ისტორიული მაღაროს აფეთქებით". მოძრაობის შეფასებით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს. ასევე, მის კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ამჟამად მმართველ გუნდში.

"პასუხისმგებელი ის საზოგადოებაცაა, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში დაშვებული უმძიმესი შეცდომით, გულუბრყვილობით თუ გულგრილობით, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ქვეყნის მაოხრებლებს. როგორც ჩანს, მმართველმა რეჟიმმა გადალახა საკუთარი ხალხის რიდის შეგრძნება და თუ საშუალება მივეცით, ზუსტად ასევე აგვიფეთქებს ჩვენი ქვეყნის დასავლურ არჩევანს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას", - ნათქვამია მოძრაობა დაბრუნების განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, "ჩვენ საზოგადოებას იმთავითვე ვაფრთხილებდით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ახალი "შულავერელებია“, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა ქვეყნისადმი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისადმი დამოკიდებულებულებაში. მაგრამ ერის ასეთ ღია, უტიფარ და თავხედურ გამოწვევას ამ დონის ბარბაროსული მოქმედებით, თვითნებობითა და საზოგადოებრივი აზრის სრული უგულებელყოფით, აქამდე ადგილი არ ჰქონია".

მოძრაობის შეფასებით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არაფრით განსხვავდება რუსი აგრესორის მოქმედებისაგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესია-მონასტრების და სხვა კულტურულ ისტორიული ძეგლების მიმართ.

"სადაც გულმოდგინედ ცდილობს ყოველგვარი ქართულის წაშლას ასეთივე ვანდალური აქტებით. ამჯერად ჩვენი ისტორიისა და კულტურის ჯალათად საკუთარი ხელისუფლება გვევლინება. ყველასთვის ნათელია, რომ ეს ბრძანება გაცემულია საქართველოს არაფორმალური მმართთველის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ კრემლს ემორჩილება. მისთვის კანონი, სამართალი, ქვეყნის ინტერესები, მომავალი მხოლოდ მოსახლეობის დასაბრიყვებელი ცნებებია და მთავრობაც უსიტყვოდ ასრულებს მის დანაშაულებრივ ბრძანებებს.

როდესაც საქმეს სასამართლო იხილავს, არც ერთ ორგანოს ან თანამდებობის პირს მისი განხილვის უფლება არა აქვს. სხვა შემთხვევაში აზრს ჰკარგავს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმხორციელებელი ინსტიტუტის როლი და ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. სახელმწიფოს დემოკრატიული წესრიგის ეს ელემენტარული მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში სრულიად იგნორირებულია, არაფერი რომ არ ვთქვათ ქვეყნის მოქალაქეთა აზრზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად საყდრისის ისტორიული ძეგლის შენარჩუნების მომხრე იყო და ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენდა მისი პატივისცემა.

შექმნილ ვითარებაში ყველანი ვალდებული ვართ, დაუყოვნებლივ, ერთაზროვნად და კატეგორიულად მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას საყდრისში ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის და ყველა არსებული კონსტიტუციური საშუალებებით ქვეყანის სადავეებს ჩამოვაშოროთ ოლიგარქი ივანიშვილი და მისი აღვირახსნილი რუსული მმართველობა", - ნათქვამია მოძრაობა დაბრუნების განცხადებაში.

კომენტარები