IDFI

IDFI: კლდიაშვილის დაკავება მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, მისი ორი დღით დაკავება მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებაა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ. IDFI გიორგი კლდიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კლდიაშვილი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გიორგი კლდიაშვილი არის კამპანიის "ეს შენ გეხება" აქტიური წევრი, რაზეც დაკითხვაზე ირიბად და არაფორმალურად მიანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. IDFI-ის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი კლდიაშვილს თავისუფლება შეეზღუდა. 

"გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა გიორგი კლდიაშვილს არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. მოდულის შენობაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი მისი მიმალვის შესახებ. თუმცა, დაკავების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს მაშინ, როდესაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით.

გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თენგიზ ხარებავამ ვერ წარმოადგინა რაიმე გარემოება, რომელიც დაასაბუთებდა გიორგი კლდიაშვილის მიმალვის საფრთხეს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისას მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც გახდა კიდევაც გიორგი კლდიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი. გამოძიება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება და შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 17 იანვარს. გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო განაჩენამდე გიორგი კლდიაშვილმა საკუთარი ნებით შეწყვიტა ორგანიზაციის დირექტორის უფლებამოსილება.

IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სურს გაამახვილოს ყურადღება შემდეგ გარემოებებზე:

1. გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე. ეს, ჩვენი აზრით, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას.

2. გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი. დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად მიანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. რაც ასევე შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გიორგი კლდიაშვილისთვის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვისთვის.

3. IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ", - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

კომენტარები