საჯარო ფინანსები

ზურაბ ჯაფარიძე: 2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება შეუძლებელია

ერთაინი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტს ვერ შეასრულებს. ჯაფარიძის თქმით ბიუჯეტის შემოსავლებს გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით 768 მილიონი ლარი აკლია, ხოლო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ათვისებას - 920 მილიონი ლარი, რისი ათვისებაც წლის ბოლომდე დარჩენილ ორ კვირაში მთავრობას პრაქტიკულად არ შეუძლია. ჯაფარიძის თქმით, ბიუჯეტის შესრულების სტატისტიკის გასაუმჯობესებლად მთავრობამ გასული კვირების მანძილზე ხარჯვა გაზარდა, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბიუჯეტში არსებულ პრობლემებთან ერთად ჯაფარიძემ საქართველოს ექსპორტის შემცირებაზეც ისაუბრა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 35%-ით არის შემცირებული, რაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჯაფარიძის თქმით, ექსპორტთან ერთად შემცირებულია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროებიც, მათ შორის, პრობლემებია ფულად გზავნილებსა და საერთაშორისო კრედიტების ათვისების მონაცემებშიც. პირველი ათი თვის მონაცემებით ათვისებულია საერთაშორისო გრძელვადიანი კრედიტების მხოლოდ 50%, ხოლო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისება პირველ ათ თვეში 61%-ს შეადგენს. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირება და საერთაშორისო კრედიტების ათვისების უარყოფითი სტატისტიკა ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

კომენტარები