ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც დაესწრება. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება და დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან გამოხატულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ინფორმაცია თამარ ბერუჩაშვილის გამგზავრების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დასწრება გადაწყვიტა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოს მთავრობიდან არავინ ესწრებოდა და ევროპარლამენტში მხოლოდ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იქნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის რატიფიკაციას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოახდინა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. ხვალ, 18 დეკემბერს ევროპარლამენტი ხელშეკრულების რატიფიკაციას კენჭს უყრის.

კომენტარები