მატათა მოციქულის სახელობის პანსიონი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: პანსიონზე გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა

ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის რეზიდენცია
anagi.ge

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, მატათა მოციქულის სახელობის პანსიონში ბავშვებზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

"გაზეთ "ბათუმელების" 8-14 დეკემბრის ნომერში და ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატიებისა და 14 დეკემბერს ტელეარხ რუსთავი 2 -ის გადაცემა P.S -ში გასული რეპორტაჟის პასუხად ვაცხადებთ:

1. გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა და არ შეესაბამება სინამდვილეს;

2. საკითხი ცალმხრივად და მიკერძოებით არის გაშუქებული;

3. ფაქტები ცილისმწამებლურია და უარგუმენტო, ძალადობრივი (ფსიქიკური ზეწოლის - რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დაპირებაში, დაყოლიებაში და ა.შ არასრულწლოვნებისა და მცირეწლოვნების მიმართ; არც ერთ შემთხვევაში აღსაზრდელის გვერდით არ მდგარა არც მშობელი, არც პედაგოგი და არც კანონიერი წარმომადგენელი, რაც მიგვაჩნია კანონის უხეშ დარღვევად) გზით მოპოვებული;

4. გამოქვეყნებული მასალა ლახავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) ინტერესებს, უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ დაუსაბუთებელი, პროვოკაციული და არაკომპეტენტური ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება ცრუმოწმეებისა და ცრუფაქტების გამოყენებით, უპრველეს ყოვლისა, მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ზოგადად საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.

p.s. ჟურნალისტები არც ერთ ზემოთხსენებულ შემთხვევაში არ დაინტერესებულან ჩვენს ხელთ არსებული მასალებით, რაც მიგვანიშნებს მათ მიკერძოებულობაზე, კერძოდ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობით 000007, რომელიც ნებას აძლევს ა(ა)იპ ,,ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი"-ს განახორციელოს მცირეწლოვნებისა და არასრულწლოვნების აღზრდა და განათლება;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 19 თებერვლის 01/13957 წერილით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისადმი, კერძოდ მეუფე დიმიტრისადმი, რომლითაც დგინდება – დასკვნა ,,მომსახურებას ჰყავს პროფესიანალი, მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც ართმევს თავის დაკისრებულ მოვალეობებს, თანამშრომლებს შორის არის გუნდური და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული მუშაობა".

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას და ჩვენი კარი ღიაა ყველა კომპეტენტური და უფლებამოსილი პირისათვის თუ ორგანოსთვის, რომელსაც ექნება სურვილი იმისა, რომ შეამოწმოს ყოველმხრივ ა(ა)იპ ,,ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდთთან" არსებული სასწავლო დაწესებულება" - ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) პანსიონის მოსწავლეებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე ასევე გაავრცელა განცხადება, რომ წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის სერიოზული შემთხვევები იკვეთება.

“პანსიონში ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის რეალური შეფასება სათანადო მეთოდოლოგიით, კომპლექსური და მასშტაბური მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს. თუმცა, EMC-ის მიერ გამოკითხული მოსწავლეები საკუთარ თანმხვედრ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, სხვადასხვა პერიოდში, მათი და სხვა ბავშვების ცემის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, შევიწროებისა და დასჯის სასტიკ ფორმებზე, რომელსაც აღმზრდელები ხშირად იყენებენ,” - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

EMC-მ ვითარების შესწავლა 8 დეკემბერს, ნეტგაზეთის მიერ პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო. პანსიონის მოსწავლე შ.ე. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მის მიმართ აღმზრდელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე ყვებოდა.

როგორც ტაბულას შს სამინისტროში განუცხადეს, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.

კომენტარები