ჰიდროელექტროსადგური რაჭაში

კალაძე: რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი არ არსებობს

რაჭაში ახალი ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის პროექტი არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით ადამიანები, რომლებიც რაჭის რეგიონში სამომავლოდ ენერგოობიექტის მშენებლობაში პრობლემებს ხედავენ, არაკომპეტენტურები არიან. მისი განცხადებით სანამ რაიმე პროექტი განხორციელდება მანამდე საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს.  

"ეს პიროვნებები არიან არაკომპეტენტური ადამიანები ამ საქმეში. მათ დოკუმენტი ვერ ექნებოდათ, რადგან არანაირი პროექტი არ არსებობს. ეს არის ნიშნულები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამომავლოდ რაიმე პროექტის განხორციელების, მაგრამ იქამდე უნდა მოხდეს ყველანაირი შესწავლა ამ ნიშნულების მიხედვით – კვლევების ჩატარება ტექნიკური, ეკონომიკური, გეოლოგიური, სეისმური. ამის შემდეგ იქნება საჯარო მსჯელობები, განიხილოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, სადაც იქნება წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და ამის მერე იქნება მშენებლობის ნებართვა გაცემული და მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. არ მინდა დავიჯერო ის, რომ ეს ადამიანები იმართებიან ვიღაცის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან და არ იციან სრული არსი. საგანგაშო აქ არაფერი არ არის. ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ყველა რეგიონი გვიყვარს. რაჭა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ისეთს არავინ არაფერს გააკეთებს, სავალალო შედეგები რომ მივიღოთ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კალაძის განმარტებით ზოგიერთი მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და გამოვთქვა მზადყოფნა ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

"ამ დღეებში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია რაჭაში ენერგოობიექტების მშენებლობისთვის საჭირო და სავალდებულო კვლევების შესახებ. გვსურს შეგახსენოთ, რომ არაერთხელ მოხდა განმარტება და მედიაში გაშუქება კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით. პირველი, რაც იქნა გაკეთებული, გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი, სადაც გაიმარჯვა და ინვესტირების სურვილი გამოთქვა თურქულმა კომპანია "ჩალიკ ენერჯიმ". რაჭაში პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე დაცული იყო საჯაროობა, დაწყებული ტენდერიდან ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის დაიდო კვლევის შესახებ მემორანდუმიც, რაც მოიცავს 18 თვის განმავლობაში ეკოლოგიურ-ფინანსურ-სოციალურ და ტექნიკურ შესწავლა-შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული დაცვით, მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და შესაბამისად არც სოფლების გადასახლებასა და ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას. გარემოზე ზემოქმედების და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად იმ ადგილზე რომელი პროექტის განხორციელება იქნება გამართლებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს მთის რეგიონის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების სტრატეგია, რაც ითვალისწინებს მათ შორის რაჭის რეგიონში მოსახლეობის დაბრუნებას, დასაქმებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამიტომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც აქ განხორციელდება, არის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის სასარგებლო. მინდა კიდევ ერთხელ გაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პრინციპია, ქვეყნის განვითარების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული ეროვნული ინტერესი. ჩვენი თხოვნა და სურვილია, მედიამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის სრულად ინფორმირებას და ჩართულობას ყველა იმ პროცესში, რაც ეხება ქვეყნის წინსვლას. ჩვენი მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები