ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის რატიფიკაციაზე დასწრება ბერუჩაშვილის იდეა იყო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის იდეა იყო, პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინათ, წარმოედგინა საქართველო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მივესალმო ამ ფაქტს და ყველას მოგილოცოთ. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ რადგან პარლამენტის თავმჯდომარე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივა და იდეა იყო, საქართველოს პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა და გვეთხოვა, დღეს წარმოედგინა საქართველო ევროპარლამენტში და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, მე ვთხოვე ქალბატონ თამარს, წაჰყოლოდა პრეზიდენტს და ისინი ამ დღეს ერთად დაესწრებიან", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას კენჭს უყრიან. პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღებენ საქართველოს შესახებ რეზოლუციას.

თავდაპირველად სხდომას საქართველოს მთავრობიდან არავინ ესწრებოდა, თუმცა, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ევროპარლამენტის სესიაზე დასწრების შესახებ.

სანამ მარგველაშვილი და ბერუჩაშვილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე დასწრებას გადაწყვეტდნენ, ცნობილი იყო, რომ ევროპარლამენტში მხოლოდ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იქნებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის რატიფიკაციას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოახდინა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, ის, თუ ვინ მოაწერდა ხელს დოკუმენტს - პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, კამათის საგანი იყო. ზოგი კონსტიტუციაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მოეწერა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ 27-ივნისს ბრიუსელში თავად უნდა წასულიყო და დოკუმენტი გაეფორმებინა.

კომენტარები