ნედლეული

პრემიერი: ჩვენთან ბენზინის გაიაფება მსოფლიო ბაზართან შესაბამისობაში უნდა იყოს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

კონკურენციის სააგენტომ 10 დღის ვადაში უნდა გააკეთოს განმარტება რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინზე ფასების კლება მსოფლიო ბაზარზე კლების პარალელურად. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაბამისი დავალება კონკურენციის სააგენტოს თვითონ მისცა.

"კონკურენციის სააგენტოს დავავალე უკვე მუშაობა, მოვკითხე თუ რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასის შესწავლა და ამის კონტროლი. იცით ალბათ, რომ რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო საწვავის ფასებმა მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. მე მინდა ვთხოვო კონკურენციის სააგენტოს 10 დღის ვადაში წარუდგინოს საზოგადოებას თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში. მე ვიცი, რომ ბენზინის ფასმა დაიწია საქართველოში, დღესაც თუ არ ვცდები დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური, მსოფლიო ბაზართან შესაბამისობაში" - განაცხადა პრემიერმა.

18 დეკემბრის მონაცემებით ნედლი ნავთობის (Brent crude) ფასი ერთ ბარელზე $59-ს შეადგენს, რაც გასული ხუთი წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს. ნედლი ნავთობის ფასი 2014 წლის მანძილზე 40%-ით შემცირდა. სამომხმარებლო ბაზარზე ქართულმა კომპანიებმა ბენიზინისა და დიზელის ფასები გასული თვეების მანძილზე საშუალოდ 20-25 თეთრით შეამცირეს. 

კომენტარები