პროკურატურის რეფორმა

წულუკიანი: მთავარია, განისაზღვროს, ვისთან იქნება პროკურორი ანგარიშვალდებული

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ მთავარია, განისაზღვროს, ვის მიმართ იქნება პროკურორი ანგარიშვალდებული.

"პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ უნდა განისაზღვროს არსებული კონსტიტუციის ან მომავალში შეცვლილი კონსტიტუციის ფარგლებში, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ჩვენი მუშაობის პროცესის შედეგი. ასევე, სად უნდა მუშაობდეს პროკურატურის ორგანოები, უნდა იყოს თუ არა ის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში თუ ვთქვათ, სხვაგან. თუ სხვაგან უნდა იყოს- სად? რაც მთავარია, პრემიერს ჰქონდა დავალება, რომ უნდა განისაზღვროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულების საკითხი, თუ ვის მიმართ იქნება ის ანგარიშვალდებული",-თქვა წულუკიანმა.

პროკურატურის რეფორმირების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა პირველადი განხილვები მთავრობასთან, მათ შორის თეა წულუკიანთან და ასევე, პროკურატურასთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

კომენტარები