ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის შერჩევის წესი დამტკიცდა

დღეს საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრთა შერჩევის წესი დაამტკიცა. ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და მისი წევრი შეიძლება იყოს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი, ფსიქიატრი და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი.

ჯგუფის ფუნქციაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიანიჭოს სტატუსი, რის შემდეგაც მას სახელმწიფო თავშესაფარში გადასვლა შეუძლია. თავშესაფარი უფასოა და მოძალადემ არ იცის მსხვერპლის ადგილსამყოფელი. საბჭოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მსხვერპლს სტატუსის მიღება პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერისა და სასამართლოს მიერ გამოწერილი დამცავი ორდერის გარეშე შეეძლება. ახლადდამტკიცებული წესის მიხედვით, ჯგუფი პირს მსხვერპლის სტატუსს წელიწადნახევრით ანიჭებს. 

პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდება, ხოლო მომავალი წლიდან უკვე კონკრეტული საქმეების განხილვა იქნება შესაძლებელი.ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულტა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი აღნიშნავს, რომ მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის შეჩერებამ შექმნა პრობლემები, რადგან ადამიანებს, რომლებსაც პოლიციისთვის მიმართვაც არ შეეძლოთ, სჭირდებოდათ დახმარება და ვერ მიიღეს.ორგანიზაცია იდენტობის იურისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა სახელმწიფოში ფემიციდის პრობლემა დადგა, მსხვერპლის იდენტიფიცირების კომისიის 8 თვის შემდეგ ამოქმედება დაგვიანებულია.შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საბჭომ 2014 წლის აპრილიდან მუშაობა შეაჩერა, რადგან ვადა გაუვიდა იმ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც საბჭოს მუშაობას არეგულირებდა.

კომენტარები