საყდრისი-ყაჩაღიანი

პრეზიდენტი: საყდრისზე სამუშაოები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაუშვებელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. მისი თქმით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაუშვებელია.

"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით",- წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომპანია RMG GOLD-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 12 დეკემბერს განაახლა. ნომერ 1-ლ უბანზე კომპანიამ 2 აფეთქება განახორციელა. კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი RMG გოლდმა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა. 

კომენტარები