სახელმწიფო სესხი

გერმანია საქართველოს 20 მილიონი ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს

mof.gov.ge

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანია საქართველოს 20 მილიონი ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს, რომლითაც ახალი პროექტი "კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამა" დაფინანსდება.

"გერმანიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ახალი პროექტის „კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამის" დასაფინანსებლად, აღნიშნული პროგრამა 2021 წელს დასრულდება. 

ოფიციალური შეტყობინება დღეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა კატარინა დერკორნმა გადასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების კიდევ ერთი დადასტურებაა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ფინანსურთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს შეუძლია შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში.

დღემდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი რესურსი ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაახლოებით 650 მილიონ ევროს შეადგენს",-იუწყება ფინანსთა სამინისტრო.

კომენტარები