განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რატომ წაშალა მღვდლისა და მინისტრის მოადგილის ფოტო განათლების სამინისტრომ?

მღვდელი სკოლაში
facebook.com/mes.gov.ge

განათლების სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე, გუშინ, 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, 64-ე სკოლის "ინტეგრირებული კლასის" მოსწავლეებს მართლმადიდებელ მღვდელ გიორგი ყიფშიძესთან ერთად ახალი წელი მიულოცა, რის შემდეგაც მათ ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს.

ერთ-ერთი ფოტოს ქვეშ, facebook-ის მომხმარებლებმა პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სამინისტრო კანონს უხეშად არღვევდა და ინდოქტრინაციას ეწეოდა. აღნიშნული კომენტარების შემდეგ ფოტო გვერდიდან გაქრა, თუმცა ვიზიტთან დაკავშირებულ ალბომში კვლავ მოიპოვება ერთი ფოტო, სადაც მღვდელი მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩანს. ამ ფოტოს ქვეშ დისკუსია არ მიმდინარეობს. ფოტოებს თან ახლავს ტექსტი, რომელიც არ შეცვლილა.

ტაბულა კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა: გუშინ, 18 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ვიზიტის შესახებ 64-ე საჯარო სკოლაში, მართლმადიდებელ მღვდელ გიორგი ყიფშიძესთან ერთად, სადაც ნათქვამია, რომ ქალბატონმა გიგაურმა და მღვდელმა ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ფოტოზე, სადაც მღვდელი და მინისტრის მოადგილე ერთად ჩანდნენ, სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა კომენტარებში აღნიშნა, რომ ეს კანონის დარღვევა იყო. დაირღვა თუ არა კანონი და რატომ წაშალეს ეს ფოტო ფეისბუქ გვერდიდან?

"Facebook გვერდიდან ფოტო ავიღეთ იმიტომ, რომ არ გამოეწვია ის კითხვები, რა კითხვებიც ახლა თქვენ გააჟღერეთ. იმიტომ, რომ მემგონი ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრის მოადგილე რომელიმე სკოლაში მივიდა სასულიერო პირთან ერთად. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მღვდლის შვილები სწავლობენ ამ სკოლაში და ეს მღვდელიც იყო ამ სკოლაში როგორც მშობელი. ეს ისე არ მომხდარა, რომ დაიგეგმა სასულიერო პირისა და სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ერთობლივი ვიზიტი ამ სკოლაში, ეს ასე არ ყოფილა. იმიტომ რომ კიდევ ერთ მაგალითს თუ მომიყვანთ კიდევ სად განხორციელდა [მსგავსი ვიზიტი] რომელიმე სხვა სკოლაში, მაშინ ჩავთვლი, რომ ინდოქტრინაციას [ადგილი ჰქონდა] ან კანონი დაირღვა. სხვა მშობლებიც ესწრებოდნენ ამ შემთხვევაში, როგორც ბატონი გიორგი ყიფშიძე" - განუცხადეს ტაბულას სამინისტროში.

კითხვაზე, სწავლობდა თუ არა მღვდელ გიორგი ყიფშიძის შვილი უშუალოდ ამ კლასში, სამინისტროში თქვეს, რომ „ამ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ მხოლოდ ამ კლასის მშობლები. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები იყვნენ იქ და მშობლები გარკვეულწილად ეხმარებიან და მათ შორის არის ბატონი გიორგი ყიფშიძეც" - განუცხადეს ტაბულას სამინისტროში. 

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში, არ არის აღნიშნული, რომ ღონისძიებას სხვა მშობლებიც ესწრებოდნენ და ბავშვებს საჩუქრები მათაც გადასცეს. ციტატა:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი დღეს, თბილისის 64-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის ინტერგრირებული კლასის მოსწავლეების საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ. წარმოდგენის შემდეგ, ლია გიგაურმა და მამა გიორგი ყიფშიძემ მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს".

სამინისტრომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სკოლის დირექტორთან გადაგვამისამართა. ტაბულა შეეცდება 64-ე დირექტორისგან კომენტარის მოპოვებას.

კომენტარები