სააკაშვილი: პუტინმა არ ინერვიულოს, სამუშაო ვიზაზე დიდი ხანია, თანხმობა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათქვამს ეხმაურება. გუშინდელ ყოველწლიურ დიდ კონფერენციაზე პუტინმა თქვა - "სააკაშვილი გაქცეულია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მას დევნის, როგორც ტილიანს აბანოში და ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ამერიკაში სამუშაო ვიზასაც კი არ აძლევენ".

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა:

"რუსეთი უფსკრულში იჩეხება და მისი პრეზიდენტი პოულობს დროს, რომ ისევ ისაუბროს ჩემზე. თან ჩვენთვის უბედურება ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველები და პუტინი, ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, რომელიც საუბრობს ერთი ტერმინებით, ერთი გემოვნების არის და ერთი და იგივე რამ უნდა. ამან მგონი, უნდა დაგვაფიქროს. საქართველოში ჩვენი უკან დახევა დროებითია. მართალია, პუტინმა დასვა თავისი გემოვნების შესაბამისი მმართველი ორ მილიარდ დოლარად, მაგრამ, რამდენიც არ უნდა ისაუბროს ჩემი სხეულის ნაწილებზე, რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს, მთავარი აქ პიროვნული დაპირისპირება ნამდვილად არ არის.

მთავარია ის, რომ ჩვენ შევქმენით ის იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება. საქართველოში ამ იდეამ დროებით უკან დახევა განიცადა, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში. ამ იდეამ ახლახანს გაიმარჯვა მოლდოვაში და ეს იდეა რუსეთშიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს არის იდეა თავისუფლების, რომლის განსახიერებად და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში. რა თქმა უნდა, პიროვნულად შეიძლება, ჩვენ მოგვსპონ, გაგვწიონ გვერდზე და ა.შ. მაგრამ, ამ იდეას პუტინი უკვე ვეღარაფერს მოუხერხებს. ჩემს დასაქმებას რაც შეეხება - ვლადიმირ ვლადიმირის ძეს შეუძლია, არ ინერვიულოს, ძალიან ბევრ წამყვან უნივერსიტეტში მიმიწვიეს ამ ბოლო თვეებში, შემომთავაზეს უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელის პოსტიც და ამ ეტაპზე თავი შევიკავე. ვაშინგტონში, ჩემი ხელმძღვანელობით ინსტიტუტიც შეიქმნა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც კარგა ხნის წინ მომცა სამუშაო O-1 ვიზაზე თანხმობა. ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს და სიამოვნებით მასაც შევაწევ სიტყვას და მასაც მისცემენ ვიზას. მზად ვართ, ავიყვანოთ ჩვენს ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა - ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რომლითაც ახლაა დაკავებული",-თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები