ფეშავარი

ფეშავარის ტრაგედია არ უნდა განმეორდეს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

17 დეკემბერს, პაკისტანის ქალაქ ფეშავარში თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალდა: საშუალო სკოლის შენობაზე იერიში მიიტანეს რელიგურმა ფუნდამენტალისტებმა. ისინი დაერივნენ უმწეო ბავშვებსა და მათ მასწავლებლებს და სკოლა ერთ შემზარავ სასაკლაოდ აქციეს. უმოწყალოდ ჩახოცეს 145 ბავშვი და მასწავლებელი. ფიზიკურად დაშავებულია სხვა ათეულობით ბავშვი, ტრამვილებულია ყველა!

“ჩვენ დავალებას ვწერდით,” ამბობს პატარა 7-8 წლის აიზაზ ხანი, რომელიც საბედნიეროდ სიკვდილს გადაურჩა, “როცა უცებ სროლის ხმა გავიგონეთ. მასწავლებელმა გვითხრა ნუ გეშინიათო. გვეგონა ეს სასწავლო განგაში იყო, მერე არმიის ოფიცერი შემოვადა კლასში და გვითხრა სკოლის უკანა კარიდან გაიქეცითო...” ზოგმა მოახერხა გაქცევა, ზოგმა ვერა. კარებზე მიმწყდარი ბავშვები ადგილზე დაცხრილეს.

რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა თავიანთი სამიზნე სწორად აირჩიეს. მათ იციან, რომ განათლება მათთვის ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე პაკისტანის პოლიცია, უშიშროება და არმია. განათლებას შეუძლია დაიცვას ახალგაზრდები რადიკალიზაციისგან, რელიგიური ფანატიზმისგან და მოძალადეობსაგან.

რელიგიისა და ღმერთის სახელით, ვინ მოსთვილის უკვე მერამდენედ ხდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება. “სხვისა ჭირი” სხვისა არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. ამ პლანეტაზე ყველა “ჭირი” ჩვენი საერთო სატკივარია და ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ რამე.

ერთი ხასიდური გადმოცემა არსებობს: ერთხელ მოწაფეებმა თავიანთი რაბინი, სახელად ზუსია, აცრემლებული ნახეს. მიზეზი რომ კითხეს რაბინმა უპასუხა: ‘ცრემლებამდე იმიტომ მოვედი, რომ ახლა ამოვიკითხე, რომ ერთხელაც ანგელოზები კითხვას დამისვამენ ჩემი ცხოვრების შესახებ.’ “მერე ეს რაში გენაღვლება,” - უთხრეს მოწაფეებმა, - “შენ ხომ ამისთანა ღვთისმოსავი კაცი ხარ, ამისთანა სწავლული, ამისთანა თავმდებალი. შენ ხომ უამრავი ადამიანისთვის გაგიმართავს ხელი. იმ კითხვისა ასე რატომ გეშინია?”

ამაზე ზუსიამ უპასუხა: “მე ის გავიგე, რომ ანგელოზები მე არა მკითხავენ, მოსე რატომ არ იყავი შენი სიცოცხლის მანძილზე და ისრაელიანები მონობიდან რატომ არ გამოიყვანეო. არც იმას მკითხავენ იესო ნავეს ძე რატომ არ იყავი და შენი ხალხი აღთქმულ ქვეყანაში რატომ არ შეიყვანეო.” “აბა, რას გკითხავენო?” - იკითხეს მისმა მოწაფეებმა. ზუსიამ ამოიხრა და თქვა: “მე იმასა მკითხავენ, ზუსია რატომ არ იყავიო.”

ალბათ, ჩვენ ყველას გვჭირდება ის ვიყოთ, ვინცა ვართ და ის ვაკეთოთ, რისი კეთებაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ეს “ტურფა და საბაღნარო” სამყარო ოდნავ უკეთესი დავტოვოთ ვიდრე ის ჩვენ დაგვიხვდა. ამ საქმეში განათლება ყველაზე დიდი მეგზურია და სწორედ ამიტომ არის განათლება სიბნელის სამიზნე.

დღეს თბილისში საღამოს 7 საათზე, მშვიდობის საკათედრო ტაძარში გადახდილი იქნება წირვა, რომლის წიაღშიაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება პატივი მიაგოს იმ ბავშვებისა და მასწავლებლების ხსოვნას, რომლებიც არაადამიანურმა ძალადობამ იმსხვერპლა ფეშავარში. სოლიდარობისა და ემპათიის გამოხატვა ფეშავარში დაღუპულებისა და მათი ახლობლების მიმათ ჩვენი ადამიანური მოვალეობაა. როგორი გულსატკენია, რომ განათლების გაცემა და მიღება დღევანდელი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სარისკო საქმედ ითვლება.

ის რაც ფეშავარში მოხდა არსად და არასროს არ უნდა განმეორდეს.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
მშვიდობის საკათედრო ტაძარი

კომენტარები