ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არის თუ არა დისკრიმინაციული მღვდელი თეოდორე გიგნაძის ილიაუნიში არ დაშვება?

ილიას უნივერსიტეტი
ილიას უნივერსიტეტი

ილიას უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი მართლმადიდებელ მისიონერთან, მღვდელ თეოდორე გიგნაძესთან სისტემატური შეხვედრების გასამართად სივრცის დათმობას მოითხოვს. უნივერსიტეტი მღვდელსა და სტუდენტებს ამგვარი შეხვედრების გამართვაზე უარს ეუბნება. თეოდორე გიგნაძე კი ფაქტს მართლმადიდებელთა დისკრიმინაციას უწოდებს. ტაბულამ ამასთან დაკავშირებით კითხვებით ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანა კვანჭილაშვილს მიმართა.

ტაბულა: რატომ ეუბნება უარს ილიაუნი მართლმადიდებელ მღვდელ თეოდორე გიგნაძეს უნივერსიტეტის სივრცის დათმობაზე არააკადემიურ დროს, როცა არსებობს სტუდენტების მოთხოვნა?

ანა კვანჭილაშვილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უარს ამბობს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ლექციების ჩატარებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც არ ემთხვევა რელიგიური სივრცის მოთხოვნებს. ამ მოსაზრების საფუძველზე ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ შეიმუშავა გარეშე პირთა მოწვევისა და ღონისძიების ჩატარების წესი, რომლითაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტი.

აღნიშნული წესით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გასამართი ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- გასამართი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს სასწავლო და კვლევით მიზნებს, ასავე უნივერსიტეტისა და, ზოგადად, მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში;
- დაუშვებელია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ეწინააღმდეგება
- აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სწავლებისა და კვლევის
- აკადემიური თავისუფლების პრინციპებს;
- უნივერსიტეტში დაუშვებელია აკადემიური პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პოლიტიკური აგიტაცია;
- უნივერსიტეტში დაუშვებელია რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი;
- უნივერსიტეტში აკრძალულია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც არის დისკრიმინაციული და ლახავს რომელიმე პირისა ან ჯგუფის უფლებებს განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

ასეთი მიდგომის საფუძველზე ჩვენ უარი გვითქვამს, მაგალითად, მერობის კანდიდატებისათვის წინასაარჩევნო პერიოდში საუნივერსიტეტო სივრცის დათმობაზე.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბრის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ერთი შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმებული ილიაუნის ადმინისტრაციასთან და წარმოადგენდა სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივას. ჩვენ, მაშინ, უბრალოდ, პატივი ვეცით მოსულ სტუმრებს და გავხსენით აუდიტორია.

რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას, ჯერ ჩვენ არანაირი მოთხოვნა არ მიგვიღია - გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელმოწერები გროვდება, მაგრამ ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არავის მოუმართავს. უნივერსიტეტში სწავლობს 14 389-ზე მეტი სტუდენტი. სხვადასხვა დროს უნივერსიტეტში ხელმოწერები გროვდებოდა სამლოცველოს მოწყობაზე უნივერსიტეტში, ასევე, სამარხვო პოეზიის საღამოს ორგანიზებაზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საუნივერსიტეტო სივრცის მოთხოვნებისა და პრინციპების ნათელი ჩამოყალიბება და დაცვა, რათა აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშალოს.

ტაბულა: თუ იქნება მოთხოვნა სხვა რელიგიური ჯგუფის სასულიერო ლიდერის მოწვევაზე, ილიაუნის მასაც უარს ეტყოდა?

ანა კვანჭილაშვილი: დიახ, ილიაუნი ეტყვის უარს ნებისმიერ პირს, თუ იარსებებს იმისი რისკი, რომ მის გამოსვლას ექნება რელიგიური ქადაგების ფორმა და შინაარსი, ასევე, თუ გაჩნდება საფრთხე, რომ მისი გამოსვლა რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური გამონათქვამების შემცველი იქნება.

ტაბულა: ჩვენ გვინახავს ილიაუნიში, მაგალითად, კათოლიკე სასულიერო პირები, ისინი ბიოეთეკის შესახებ კონფერენციას ესწრებოდნენ და მომხსენებლებიც იყვნენ, რა განასხვავებს ამ შემთხვევას თეოდორე გიგნაძის შემთხვევისგან?

ანა კვანჭილაშვილი: ჩვენი წესი არ კრძალავს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ემსახურება სასწავლო და კვლევით მიზნებს. მეტიც, უკვე რამდენიმე წელია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს შორისაა, მაგალითად, მოქმედი მართლმადიდებელი მღვდელიც. შერჩევისას გადამწყვეტი კრიტერიუმია, ემსახურება თუ არა კონკრეტული ღონისძიება აკადემიურ მიზნებს. უნივერსიტეტის დანიშნულებაა კვლევა და სწავლება. თუ სასულიერო პირი ჩართულია აკადემიურ პროცესში და იცავს ამ პროცესისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ილიაუნის სივრცეში მის ყოფნასთან დაკავშირებით.

კომენტარები