ქართველი მებრძოლი უკრაინაში

ბოკერია: თავდაცვის სამინისტროს განცხადება პოლიტიკური ნაძირლობაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას შეფასებით, ეს განცხადება პოლიტიკური ნაძირლობაა. 

"პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებს სამძიმარი გამოვუცხადო, ამ ადამიანმა თავი შეწირა უკრაინის თავისუფლებას და აქედან გამომდინარე საქართველოს თავისუფლებას და ის ებრძოდა ჩვენი ქვეყნის მტერს.

რაც შეეხება ჩვენი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მე მრცხვენია რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, უფრო სწორად, ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და სხვა შეფასება, გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა მე არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ" - განაცხადა ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს საღამოს გამოაქვეყნა განცხადება სადაც უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას".

კომენტარები