ქართველი მებრძოლი უკრაინაში

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები გმირის შეურაცხყოფას გმობენ

mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები, გუშინ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გმობენ. 

"კატეგორიულად ვგმობთ ამ ჩვენთვის ძალიან ახლობელი უწყების 20 დეკემბრის განცხადებას უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ. გვსურს გამოვხატოთ სამძიმარი ოჯახის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება:

- შეურაცხყოფს დაღუპულ გმირსა და მის პატრიოტულ იდეალებს.

- არის უკიდურესად საზიანო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესებისათვის.

- წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზაციის უაღრესად საშიშ მაგალითს.

- აკნინებს გმირობის, ვაჟკაცობის და სიმართლისათვის ბრძოლის მცდელობას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ღირსეულმა სახელმწიფომ მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული თავისი მეომრის ღირსება უნდა დააფასოს და დაიცვას.

- ლახავს ქართველ ჯარისკაცთა მუნდირის ღირსებას, იწვევს სამხედროების პროფესიის დისკრედიტაციასა და სახელმწიფოს დაცვის მოვალეობის ფუნდამენტური პრინციპის მთლიან დეგრადაციას.

მოვითხოვთ, რომ ამ სამარცხვინო განცხადებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

გელა ბეჟუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი
დავით სიხარულიძე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ანდრო ბარნოვი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პაატა გაფრინდაშვილი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
მიხეილ დარჩიაშვილი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ნიკა ვაშაკიძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
მამუკა კუდავა - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გიორგი მუჩაიძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გია ქათამაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ბათუ ქუთელია - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ნოდარ ხარშილაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

კომენტარები