ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

სამინისტრომ გრიგოლაშვილის შესახებ განცხადება ოფიციალური გვერდებიდან წაშალა

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე, გუშინ გამოქვეყნებული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული განცხადება აღარ იძებნება. სამინისტრომ როგორც ოფიციალური საიტიდან, ისე facebook გვერდიდან განცხადება წაშალა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან" - ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარები