ქართველი მებრძოლი უკრაინაში

ღირსიაშვილი: სამინისტროს ეს შეცდომა იყო გაკეთებული გარკვეულ ემოციურ ფონზე

Facebook.com

თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, პირველი კომენტარი ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ბოდიშს უხდის საზოგადოებას "ტექნიკური შეცდომისთვის". მისი თქმით მინისტრ მინდია ჯანელიძეს გამოქვეყნებამდე ტექსტი არ უნახავს.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია. საზოგადოების რეაქცია ამ განცხადებაზე, აჩვენებს და აჩვენა, თუ რამხელა მოთხოვნაა ქართული საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს ჩვენი მხრიდან არის მისასალმებელი. საზოგადოების რეაქცია იყო შესაბამისი. რაც შეეხება სკანდალურ განცხადებას, მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს იყო შეცდომა, თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული" - თქვა ღირსიაშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად ვისი შეცდომა იყო, ღირსიაშვილმა განაცხადა:

"ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომას ვაღიარებთ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეცდომა იყო გაკეთებული გარკვეულ ემოციურ ფონზე. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქართველი, ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს.

თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია. ზოგადად, შეთანხმებული იყო ტექსტი, რომ უნდა გამოცხადებულიყო სამძიმარი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. შეთანხმებული ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ამგვარი შინაარსის ტექსტი არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული შეცდომა და ხარვეზი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. რის გამოც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიხდით ბოდიშს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ რომ ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. რაც შეეხება ვინ დაწერა ტექსტი. მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ, შეთანხმებული მინისტრთან არ ყოფილა მთლიანი ტექსტი, იმ სახით რა სახითაც იხილა ის საზოგადოებამ, შესაბამისად, რადგან ჩვენ დავაფიქსირეთ რომ ეს არის შეცდომა და ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გამოგვესწორებინა და ავიღეთ განცხადება გვერდიდან" - განაცხადა ღირსიაშვილმა.

კითხვაზე რატომ აქამდე არ აიღეს გვერდიდან განცხადება და რატომ აიღეს მხოლოდ მას მერე, რაც პრემიერმა აღნიშნული განცხადება არ მოიწონა, მაღალჩინოსანმა განაცხადა:

„მე მოგახსენეთ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ეს იყო ხარვეზი, რის გამოც ჩვენ ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი მინდია ჯანელიძე, არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, შესაბამისად ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მინისტრთან და ხელმძღვანელობასთან ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმება. გაკეთდა ემოციურ ფონზე და ჩვენ გამოვასწორეთ ეს შეცდომა. ტექსტის საბოლოო ვერსია არც ჩემთან ყოფილა შეთანხმებული.

ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, არასდროს არ ყოფილა რომ უახლოესი ისტორიის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს ბოდიში მოეხადოს საზოგადოებისთვის" - განაცხადა ღირსიაშვილმა.

კითხვაზე, დაისჯება თუ არა კონკრეტული შეცდომის დამშვები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა,"ფაქტს რეაგირება მოჰყვება. მენეჯმენტში არსებული ხარვეზი იყო და მოეთხოვება პასუხი შეცდომის დამშვებს".

მან ასევე აღნიშნა, რომ გრიგოლაშვილი" უკრაინაში თავისი ნებით იყო წასული და თავს მოვალედ მიიჩნევდა, რომ მდგარიყო იქ, სადაც ის იდგა და დაიცვა ინტერესები იარაღით იმ ქვეყნის და შესაბამისად თანაზიარი ყოფილიყო თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვასთანაც." - თქვა ღირსიაშვილმა.

კომენტარები