თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სანიკიძე: ეს იყო მცდარი განცხადება და არასწორი მიდგომა

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, მისკომუნიკაციას უკავშირებს. სანიკიძის თქმით, ის მიესალმება, რომ შეცდომა დროულად გამოსწორდა.

"გასაგებია, იყო რაღაც მისკომუნიკაცია. შეიძლება, ჩაითვალოს, რომ იყო მცდარი განცხადება და არასწორი მიდგომა. თუმცა, მივესალმები, რომ ეს დროულად გამოსწორდა, აღიარეს თავისი შეცდომა. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, ისეთ ხარისხში ავიდეს, რომ ვინმეს ან პასუხისმგებლობის საკითხის ან თანამდებობის დაკავების მიზეზი გახდეს",- თქვა სანიკიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ნაციონალური მოძრაობა კი ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები