თავდაცვის სამინისტროს განცხადება

დანელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: ეს იყო უხერხული გაუგებრობა

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, "უხერხულ გაუგებრობას" უკავშირებს.

"ეს იყო გაუგებრობა, აშკარად. მით უმეტეს, ვეყრდნობით რა ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომ საბოლოო ვარიანტი არ იყო მინისტრთან შეთანხმებული. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა", -აღნიშნავს დანელია.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ნაციონალური მოძრაობა კი ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები