თავდაცვის სამინისტროს განცხადება

წიკლაური: შეუძლებელია, ჯანელიძე იკავებდეს თავდაცვის მინისტრის პოსტს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"თავდაცვის სამინისტრომ მეორე განცხადებაში, უბრალოდ, ტყუილი თქვა. ისინი ამ რეაქციას ხედავდნენ, მაგრამ არ აპირებდნენ განცხადების გაკეთებას. მათ მხოლოდ და მხოლოდ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი შეუძლებელია, იკავებდეს თავდაცვის მინისტრის პოსტს და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები. ისევე, როგორც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე იყოს საპარლამენტო მსჯელობა",- თქვა წიკლაურმა.

საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და განცხადებას ტექნიკური შეცდომა უწოდა.

კომენტარები