თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ბოკერია: განცხადება, კრემლის დაკვეთით, ივანიშვილისა და ღარიბაშვილისაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე, არის კრემლის პირდაპირი დაკვეთა.

"ვერსია, რომელიც არსებობს და რომელზეც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც კი საუბრობს არაფორმალურად, არის მკაფიო, რომ პირდაპირ კრემლის ზარის შემდეგ მოხდა ამ განცხადების გაკეთება. ღარიბაშვილს დღემდე არ განუმარტავს, თუ რა პოზიცია აქვს კერძოდ მას იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ყველა შემთხვევაში მინისტრის, მისი მოადგილეების თანამდებობებზე დატოვება არის, როგორც უკვე ითქვა, ღიად დადასტურება იმისა, რაც ისედაც ვიცით, რომ კრემლის დაკვეთით, ივანიშვილი და მისი დავალებით ღარიბაშვილი არიან ამ განცხადების ავტორები",-თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები