თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯაფარიძე: თავდაცვის სამინისტროს განცხადება მთავრობის კანცელარიაში მომზადდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე მთავრობის კანცელარიაში მომზადდა და მასზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება.

"ორი დღის წინ, საზოგადოებამ იხილა უკრაინაში ქართველი სამხედროს გმირულად დაღუპვის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ყოვლად უღირსი და ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო განცხადება. თავდაცვის სამინისტრომ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოსა და ყველა იმ ქართველს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. ასევე, გუშინ ვიხილეთ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აბსურდული და უტიფარი განმარტებები, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება, თურმე იყო ტექნიკური შეცდომა და ამ განცხადების ერთადერთი პრობლემა, მასში პოლიტიკური კონტექსტის არსებობა იყო. მათ შორის, ვიხილეთ უღირსი მცდელობა ყველაფრის სამინისტროს რიგით თანამშრომლებზე გადაბრალების. ერთადერთი, ვის ინტერესში ასეთი განცხადების ნახვა იყო და ვინც ამ განცხადებას აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, არის პუტინის რუსეთი.

ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს განცხადება არ მომზადებულა თავდაცვის სამინისტროში. ის მომზადდა მთავრობის კანცელარიაში და შემდეგ დაიდო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველეს ყოვლისა ივანიშვილს და შემდეგ ღარიბაშვილს. თუ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, როგორც მინისტრი, ისე მისი მოადგილეები არ დატოვებენ თანამდებობას, ეს იქნება ღია დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის, უშიშროების და დაზვერვის სამსახურებში მიმდინარეობს რუსული სპეცსამსახურების აქტიური პენეტრაცია და ეს ხდება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელდასმით", - თქვა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები