ტელეკომპანია მაესტრო

ჟიჟილაშვილი: გოგელიამ მითხრა, რომ მაესტრო გახდება იდეოლოგიზებული, პროქართული

ნინო ჟიჟილაშვილი
facebook.com/nino.zhizhilashvili

ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ და "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმ, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. ჟიჟილაშვილის თქმით, კოტე გოგელიამ, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფაქტობრივმა მფლობელმა, მას განუცხადა, რომ მაესტრო იდეოლოგიზებული და "პროქართული" უნდა გახდეს. 

"ცხრიანი უბრალოდ გაუქმდა და მის ნაცვლად ბადეში იჯდა კანცელარიის თანამშრომლის, კოკა ყანდიაშვილის გადაცემა „ლაპარაკობს თბილისი". ეს თემა მხოლოდ მე არ გამიგია, ეს თემა დაახლოებით 50 ადამიანის თანდასწრებით გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა, უთხრა ყველას. და დაადასტურა, რომ ახალი ბადე ძალაშია, სადაც ახალი ამბების როლი, ვერ ვიტყვი, რომ მინიმიზებულია, მაგრამ არის გადანაწილებული ბადეში ისე, რომ ძალიან უნდა ეცადო, რომ მაესტროზე ახალი ამბები იპოვო. [საინფორმაციო გამოშვება ბადეში] იყო 10 საათზე, პირველზე თუ არ ვცდები, 12-ზე აღარ იყო ნიუსი, ასევე მთავარი საინფორმაციო გამოშვება უნდა ყოფილიყო 7-ზე, 7 საათის შემდეგ მაესტროს ნიუსი აღარ მაუწყებლობდა, შუალედს იკავებდა კოკა ყანდიაშვილი და 11 საათზე იყო კიდევ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ყველას ყველაფერი მოყოლილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, სწორედ საინფორმაციო მიმართულებით და ჩემი პასუხისმგებლობა იყო არხის საინფორმაციო თვალსაზრისით განვითარება, მის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელიც მე ვიყავი, ჩემთან ეს თემები გავლილი არ ყოფილა. დამაყენეს ფაქტის წინაშე და მითხრეს, რომ აღარ ვიქნებოდი საინფორმაციოს უფროსი, ეს მითხრეს სადღაც 1 კვირის წინ და შემომთავაზეს გამეკეთებინა ცალკე თოკ-შოუ, რაზეც მე მათ ვუთხარი ზრდილობიანი მადლობა და ვუთხარი, რომ შევწყვეტდი ამ არხთან თანამშრომლობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც ასევე დაადასტურა გენერალურმა დირექტორმა, ყანდიაშვილი იყო ჩართული უკვე, როგორც ბადის აწყობაში და ეს მისი შექმნილი ბადე იყო, ასევე არხის პოპულარიზაციაში, პრომოში, ასე თქვა დირექტორმა გუშინ, მარკეტინგულ მიმართულებაში, ფინანსურ ნაწილში და ყველა მიმართულებაში" - განაცხადა ჟიჟილაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ჟიჟილაშვილმა განმარტა რას გულისხმობდა გოგელია არხის იდეოლოგიზირებაში. მისივე თქმით, კოტე გოგელია მას გუსინ არაკორექტულად ესაუბრა.

"მითხრეს, რომ საინფორმაციოს შეეცვლება მიდგომები, ეს გახდება ტელევიზიის ნაწილი ცენტრალიზებულად და ის გახდება იდეოლოგიზირებული, რომ დილით დაიგეგმება რაღაც, არხს ეყოლება რედაქტორი და რაღაც თემები რომ დაიგეგმება, საინფორმაციოც ამას გააკეთებს. რაც ნიშნავს, რომ საინფორმაციოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეტ-ნაკლებად უკვე, უფრო მეტ ადამიანზე ხდებოდა დამოკიდებული ჩემ გარეშე.

ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მან ნამდვილად მითხრა მე, რომ ეს არხი უნდა გამხდარიყო იდეოლოგიზებული, ოღონდ ეს ადრე. უკვე გუშინ, მე მან მითხრა, რომ გადავკვეთე ყველა წითელი ხაზი, რომ მე ვმუშაობ იმაზე, რომ საინფორმაციო სამსახურში იყოს რაღაც კონკრეტული განწყობები შეიქმნას, ნეგატიური განწყობები იმ გეგმების მიმართ, რაც ამ არხს აქვს, ახლა მე ძალიან კორექტულ ფორმებში გიყვაბით იმას, რაც ძალიან არაკორექტულ ფორმებში მოხდა ჩემდა სამწუხაროდ. და მე მითხრა, რომ აღარ ვმუშაობ არხზე.

იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასურველია გავატაროთ და აწი უნდა გაატაროს არხმა, სახელად ქვია პროქართული. რაც ჩემში იწვევდა ბევრ კითხვას, ვინაიდან ჩვენ ისედაც ვემსახურებოდით ყოველთვის საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად, რაღაც მიზანი, მსგავსი ტიპის, რასაც ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, შეიძლება ჩვენს არხს ისედაც ჰქონდა" - ამბობს ჟიჟილაშვილი.

ტელეკომპანია მაესტრო დირექტორის მოადგილე და "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვა. ის თანამდებობიდან არხის დამფუძნებელმა კოტე გოგელიამ გაათავისუფლა. ჟიჟილაშვილთან ერთად მაესტრო რამდენიმე პროდიუსერმა და ჟურნალისტების ნაწილმა დატოვეს. არხის დირექცია განცხადებას ავრცელებს. არხი ტელეკომპანიის კიდევ ერთმა წამყვანმა, ვასო ოდიშვილმაც დატოვა.

კომენტარები