ლევან ღირსიაშვილი

ლევან ღირსიაშვილი ბურჯანაძის პარტიის დარბაზის წევრთა სიაში 41-ე ნომერია

ნინო ბურჯანაძის პარტიის, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ოფიციალურ საიტზე, პარტიის დარბაზის წევრთა სიაში ლევან ღირსიაშვილი წერია.

ტაბულას კითხვაზე, არის, თუ არა დარბაზის სიაში მყოფი ადამიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პრესსამსახურში უპასუხეს, რომ ლევან ღირსიაშვილი არასოდეს ყოფილა ბურჯანაძის პარტიისა და, შესაბამისად, დარბაზის წევრი(სადაც მხოლოდ პარტიის წევრები შედიან). პარტიის წარმომადგენელის თქმით, მათ ვებგვერდზე მსგავსი სია არ არსებობს და თუ კი არსებობს და იქ ვინმე ლევან ღირსიაშვილი წერია - მაშინ არ იცის, ის ვინ არის. თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ საუბარი თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე იყოს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის წევრი, მით უმეტეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი არასდროს ვყოფილვარ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ლევან ღირსიაშვილის დანიშვნას ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. ენმ-ის წევრის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსეთთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ნინო ბურაჯანაძის თანაპარტიელი გახდა.

ლევან ღირსიაშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას კრიტიკა მოყვა სოციალურ ქსელებშიც. კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი კი 2013 წელს იმედის ეთერში, გადაცემა პანორამაში გასული ღირსიაშვილის სიუჟეტია. სიუჟეტი, სალვადორ დალის ნახატსა და საქართველოს შორის კავშირზე, გამოკვეთილი ანტიდასავლური შინაარსის გამო გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა. 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ღირსიაშვილის თქმით კი ეს იყო შეცდომა და ხარვეზი.

 

კომენტარები