ტელეკომპანია მაესტრო

სანაია: გადაბაძემ მითხრა, რომ არხს ხელისუფლებასთან პრობლემებს შევუქმნიდი

0 კომენტარი
ვახო სანაია ფოტო: facebook.com/vakhos

ტელეკომპანია მაესტროს ყოფილმა წამყვანმა, ვახო სანაიამ, ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვრცლად განმარტა, რა გახდა რამდენიმე თვის წინ, მისი არხიდან წამოსვლის მიზეზი. სანაიას თქმით, ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ, რომელიც ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებსა და ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა, გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე მას შეხვდა და უთხრა, რომ მისი გადაცემებით შესაძლოა, მაესტრო დაპირისპირებაში შეეყვანა ხელისუფლებასთან და პრობლემები შეექმნა.

"ყურადღებას გავამახვილებ გადაცემაზე, რომელიც ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებს ეძღვებოდა, იმავე გადაცემაში შევეხეთ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებსაც. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის ორგანიზაცია "მოქალაქე", მთავრობა, პარტია "ქართული ოცნება" ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს და მართავდნენ ბრიფინგებს და გადაცემის შინაარსს აპროტესტებდნენ. გარედან მომდინარე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეტევას დაემატა ერთი მოულოდნელი ამბავი შიგნიდან.

ტელევიზიის დირექტორმა შეხვედრა მთხოვა. იმ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა (ისინი, რომლებიც უკვე დღეიდან უკვე აღარ მუშაობენ მაესტროში). დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით "მაესტრო" შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა. დირექტორი ძალიან ღელავდა ამის გამო. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიცია იყო. ჩემი აზრი მარტივად ჩამოვუყალიბე: ის იყო კერძო არხის ხელმძღვანელი და თუ ამ კერძო ტელეკომპანიას არ სურს და არ აწყობს ჩემი გადაცემები, მე წავალ, რადგან არ ვაპირებ ყვავილებზე რეპორტაჟების მომზადებას. ავუხსენი, რომ ჩემი ყველა რეპორტაჟი იქნებოდა მწვავე და აქტუალური - გამომდინარე იმ თემებიდან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩემი პასუხი იყო - თუ გინდათ ჩემი გადაცემები ამ სახით, მე გავაგრძელებ. საბოლოოდ, შეხვედრა ამით დასრულდა, იმ კონკრეტულ დღეს არაფერი შეცვლილა და მეც, ჩვეულებრივ, განვაგრძე ჩემი საქმე. ამ ამბის შემდეგ დირექტორი კიდევ ერთხელ დაინტერესდა ჩემი გადაცემით და მოიკითხა ჩემთან, რამდენად მწვავე იქნებოდა ის კონკრეტული თემა, რომელიც ეთერში გავიდოდა მიმდინარე კვირას. ამაზე ჩვენ შორის საკმაოდ მოკლე, ფორმალური და ცივი მიმოწერა შედგა, რომ გადაცემა იქნებოდა ობიექტური, რადგან მე სხვა არანაირი ინტერესი არ გამაჩნდა. ეს იყო და ეს.

იმ დღის მერე რაიმე მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. იმავე პერიოდში კონფიდენციალურად მივიღე ინფორმაცია, რომ მალე, რამდენიმე თვეში, "მაესტროში" არც მე ვიქნებოდი და არც ჩემი გადაცემა. აქვე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - მე უფრო ადრე მქონდა ეს ცნობა, ვიდრე თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას. ეს ინფორმაცია მე მივიღე ტელევიზიის გარედან. ეს ხდებოდა ზაფხულში" - წერს სანაია.

სანაია წერს, რომ შვებულებაში გასულმა უკვე იცოდა, რომ ის არხს დატოვებდა. რის შემდეგაც მას შეუქმნეს ტექნიკური და ლოჯისტიკური პრობლემები, ხოლო შემდეგ "ვახო სანაიას რეპორტაჟის" ეთერიდან მოხსნის შესახებ ბაია გადაბაძემ მაესტროს ფეისბუქის დახურულ გვერდზე დაწერა.

"ზოგადად, შვებულებების პერიოდი საუკეთესო დროა მსგავსი გეგმების განსახორციელებლად. ასეც მოხდა. აი როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი: შვებულებიდან გამოსულებს, ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის,, ოთახში სამონტაჟოები დაგვხვდა. ანუ ოთახი ჩამოგვართვეს. ახალი ოთახი არ მოგვცეს. შემდეგ გამოგვიყვეს სხვა სართულზე, სადაც რემონტი მიმდინარეობდა და იქ თანამშრომლების შეყვანა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობისვე მტკიცებით, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ამ ყველაფერს უკიდურესად კომიკური ელემენტები ახლდა, რასაც ახლა არ მოვყვები და ალბათ - არც არასდროს. მოკლედ, ოთახი ,,ვერ" გამოინახა ძირითად შენობაში. ამის შემდეგ ადგილი ,,აღმოაჩინეს" სრულიად სხვა შენობის სხვენზე. ტექნიკურად გაუმართავი მდგომარეობა დაგვხვდა, გადაცემის მომზადება შეუძლებელი იყო. ელემენტარული პირობები არ არსებობდა რეპორტაჟის გასაკეთებლად.

თან მე ,,ცხრიანის" წამყვანიც ვიყავი და წარმოუდგენელი იყო ორ ერთამანეთისგან დაშორებულ შენობას შორის როგორ უნდა მემოძრავა, როცა ყოველ წუთს უნდა მქონოდა უშუალო კონტაქტი როგორც ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის" შემოქმედებით ჯგუფთან, ასევე ,,ცხრიანის"გუნდთან. ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რაც ხდებოდა. ამიტომ გადაცემას ფაქტობრივად ქუჩაში ვგეგმავდი, ხან კაფეში, ხან - სად. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობას კონკრეტულად და ოფიციალურად კიდევ ერთხელ დავუსვი საკითხი და ამჯერად წერილობით მივმართე, რომ გადაცემა ფიზიკურად ვერ გავა ეთერში, რადგან სამუშაო პირობები მომისპეს. ელემენტარულად სამონტაჟო არ გვქონდა.

არ არსებობდა არქივთან წვდომა. არქივი კი ანალიტიკური გადაცემის მოსამზადებლად აუცილებელი პირობაა. მივმართე, რომ ეზრუნათ ამ ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად, რომ როგორმე ეთერში გავსულიყავით. ბევრი არ უფიქრიათ. დირექტორმა სასწრაფოდ გამომიცხადა ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, რომ ,,ვახო სანაიას რეპორტაჟი" მოხსნილია ეთერიდან. ეს სრულიად მოულოდნელი იყო მაესტროს თანამშრომლებისთვის. უფრო სწორედ, მოულოდნელი იყო ის, რომ ამ ფორმით შესრულდა გეგმა, რის შესახებაც მე კარგა ხანს ვლაპარაკობდი. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ,,ცხრიანიდანაც" წამოვედი. როცა ერთ პროექტს ხსნიან ეთერიდან, მეორეზე თავმოყვარეობის გამო არ დარჩები" - წერს სანაია.

სანაია თქმით, მაესტროს ჰქონდა იმაზე დიდი როლი დღევანდელ საქართველოში, ვიდრე ვინმეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ დღეს, არხი, როგორსაც მას იცნობდნენ, აღარ არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები