თავდაცვის სამინისტროს განცხადება

უკრაინაში ქართული ლეგიონის უფროსის მოადგილე: გმირს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა

შოთა კედელაშვილი
თეორემა / ტაბულა

უკრაინაში ქართული ლეგიონის უფროსის მოადგილის შოთა კედელაშვილისთვის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე, გაუგებარია. მისი თქმით, მას არ ესმის, რატომ უნდა გაღიზიანებულიყო უწყება და ვინმესთვის ასეთი განცხადების მომზადება დაევალებინა. კედელაშვილი მიიჩნევს, რომ გმირს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და მას "ბოდიში არ უშველის". ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა ისაუბრა.

"მე არ მესმის, რატომ უნდა გაღიზიანებულიყო თავდაცვის სამინისტრო და ვინმესთვის ასეთი განცხადების მომზადება დაევალებინა. მე კიდევ ცოცხალი ადამიანი ვარ და აქ ვარ და და მარტო მე რომ მეხებოდეს, შეიძლება, ეს ბოდიში მივიღო, მაგრამ როდესაც ეს ეხება მთელ ლეგიონს და გარდაცვლილ ალეკო გრიგოლაშვილს, გმირს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომელსაც ვფიქრობ, ბოდიში არ უშველის. ასე რომ ასეთი განცხადებებისგან თავდაცვის სამინისტრომ თავი უნდა შეიკავოს",-თქვა კედელაშვილმა.

კედელაშვილი ასევე გამორიცხავს რომელიმე პარტიასთან კავშირს. მისი მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ ალექსანდრე გრიგოლაშვილს გმირის სტატუსს მიანიჭებენ და მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები