თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ანდრონიკაშვილი: განცხადება ორგანულად ჯდება ხელისუფლების პოლიტიკის ლოგიკაში

თეორემა/ტაბულა

პუბლიცისტი და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება აბსოლუტურად ორგანულად ჯდება დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ლოგიკაში. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ეს განცხადება აბსოლუტურად ორგანულად ჯდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ლოგიკაში. მათ შორის, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ რამდენჯერმე საჯაროდ ნათქვამში, რომ საქართველომ იპოვა იდეალური ბალანსი ევროპასა და რუსეთს შორის. რა თქმა უნდა, არანაირ იდეალურ ბალანსზე არ შეგვიძლია, ჩვენ ვილაპარაკოთ. ეს თითქოსდა გაუმჯობესებული ურთიერთობა რუსეთის მიმართ, სრულიად გამორიცხავს იმას, რომ საქართველოდან ვინმე შეიძლება, იბრძოდეს უკრაინის მხარეს ან ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მას მოიხსენიებდეს გმირად. ამიტომაც ეს განცხადება სრულიად ლოგიკურია ამ კონტექსტში. ცხადია, ამის გადაბრალება ხდება ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც თითქოსდა მოუწოდებს ადამიანებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში. სრულიად ბუნებრივია ამ კონტექსტში ის უარი, რომელსაც ეუბნებიან დაღუპულ მებრძოლს, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - თქვა ანდრონიკაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები